Archive | September, 2013

გოგონა,რომელიც სადღაც არსებობდა

7 Sep

თავი II

გოგონა ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა და ჩვეულებრივადვე  აღიზარდა. სხვა  ბავშვებივით დარბოდა  ეზოში, თამაშობდა, ჩხუბობდა  მათთან-ერთი შეხედვით უწყინარი  ბავშვობა  ჰქონდა. მაგრამ სამყარო  მის  თვალში  უზარმაზარი  იყო. თითქოს, ამ სამყაროს  პატარა შეეშინებინა,ის კი ამ შიშს  არ ეპუებოდა და თვალებიდან შიშნარევი სიმკაცრე  გამოჰკრთოდა. ბავშვობაში ბევრი ფიქრი უყვარდა. ფიქრობდა ყველაფერზე- მომავალ დღეზე, ახალ თამაშზე, მეგობრებზე,თავის  თავზე  და იმ უსუსურობაზე , არარაობის შეგრძნებაზე,რომელიც მუდამ თან სდევდა.  მართალია, ეს  გრძნობა  თამაშის  დროს, ბედნიერების წამებში, სადღაც  გული კუნჭულში იმალებოდა, მაგრამ არასდროს  მიდიოდა. და რაც უფრო დიდ ბედნიერებას პოულობდა გოგონა, მით უფრო  ძლიერად პასუხობდა გრძნობა.

პატარა ვერ ხვდებოდა რა იყო მის თავს. იგი  ახსნას  ყველაფერში ეძებდა. ცდილობდა ეპოვა გზა ბედნიერებისკენ , გზა  იმ  ახალი გრძნობისკენ , რასაც თავისუფლება, სილაღე, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე  ერქვა. იგი ვერაფერს  ხვდებოდა, მაგრამ მუდამ ამისკენ მიილტვოდა. ამ ძიებამ  ბევრ  რამეზე  დააფიქრა.  ხშირად ფიქრობდა,რომ სწორ  გზას  ადგა-ბედნიერებისკენ მიდიოდა, მაგრამ სწორედ  ამ დორს  აწვებოდა გულის კუნჭულში მიმალული გრძნობა-გრძნობა არარაობისა- და უღრღნიდა  გულს.

იზრდებოდა  პატარა და  მასთან ერთად  სევდა. იგი  კვლავ ეძებდა , ეძებდა  რარაცას, ეძებდა  მიზანს, ეძებდა  ბედნიერებას ,  ეძებდა  ყველაფერს, რაც  ამ გრძნობას  გააქრობდა. ყველგან  იმედგაცრუება ეღობებოდა  წინ, მაგრამ იგი არ ნებდებოდა. აგრძელებდა  გოგონა გზას, რომელიც  არავინ იცოდა  საით მიიყვანდა.

ამ დროს კი  ეს მებრძოლი არსება  ყველას  ჩვეულებრივი  პატარა გოგონა ეგონა. თავად  მასაც ასე  ეგონა. ფიქრობდა,რომ  ასეთი რამ ყველას  სჭირდა და ეს ბუნებრივი იყო, მაგრამ ამის გაფიქრება და  ცაბუდებული გრძნობის  ჯანყი ერთი იყო!  გოგონა გრძნობდა, რომ საკუთარ  თავს ებრძოდა. ნუთუ ეს  გრძნობა თვითონ იყო?  ფიქრობდა იგი. პასუხს  კი ვერ სცემდა. ის კი ნამდვილად იცოდა, რომ მისი მოშორება სურდა  და  ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.

პატარა გოგონა  წამოიზარდა. იგი კვლავაც  ჩვეულებრივი  ეგონა ყველას.  ჩვეულებრივადაც  ცხოვრობდა- ჰყავდა მეგობრები, უყვარდა  გართობა – მაგრამ ერთი უცნაურობა კი ჭირდა-  მუდამ ტიროდა. ტიროდა  ტკივილისაგან, ტიროდა  სიხარულისგანაც. მისთვის  ტკივილი  გაუსაძლისი იყო  და ამიტომ ტიროდა. სიხარული კი ისეთი უცხო და მიუწვდომელი, წარმავალი  ეჩვენებოდა , რომ მისი ყოველი მოახლოვება  გულს უჩუყებდა.

მუდმივმა ბრძოლამ და  ფიქრებმა იგი მეოცნებედ  აქცია. მისთვის მთავარი ჭეშმარიტების  შეცნობა  გახდა. ნეტავ  ვინ იყო თვითონ ?  რატომ  გრძნობდა თავს  ასე ? განა ეს  ბუნებრივი იყო? გადაწყვიტა გაერკვია ყველაფერი.

მისთვის ჭეშმარიტება  სამართლიანობა იყო.ყოველთვის ისე  იქცეოდა, თავის  თავში  ღირსება არ  შელახვოდა, ცდილობდა გული არვისთვის ეტკინა-იცოდა  რა მტკივნეული იყო და  არ უნდოდა  სხვასაც  ეგრძნო იგივე. ყველას  მეგობრულად  ექცეოდა . ცდილობდა იქ არ ყოფილიყო ,სადაც მისი ადგილი  არ იყო. სამწუხაროდ ხშირად გრძნობდა,რომ ყველასთვის უსარგებლო  იყო და ამ დროს  გრძნობა გამარჯვებას  ზეიმობდა. გოგონა  ტიროდა, სასოწარკვეთას  ეცემოდა, მაგრამ ყოველთვს ახერხებდა  ფეხზე დადგომას. იგი  ფიქრობდა,რომ სუსტი იყო , ყველაფერს ამას მიაწერდა,იმას კი ვერ ხვდებოდა რა დიდი ძალა სჭირდებოდა  ყოველ წამს ფეხზე  წამოსადგომად. იგი ხომ ამას  ყოველთვის ახერხებდა ?!

გაურკვეველი ცხოვრება  ტანჯავდა  მას.  ფარული ტანჯვა ბოლოს უღებდა,თვითონაც ვერ ხვდებოდა ისე.  სამართალი ,ასე რომ აფასებდა, მის თვალწინ ითელებოდა. მხოლოდ  ის იყო  სამართლის მხარეს. ყოველ წამს  გრძნობდა  როგორ  თელავდნენ მის გულსაც  სამართალთან ერთად, მაგრამ იგი  ერთგული მეგობარივით ებღაუჭებოდა მას  და არ ტოვებდა  გასაჭირში. თვითონაც რომ უჭირდა, ხშირად ამოსდგომია სამართალი გვერდში, უნუგეშებია  მასავით ერთგულ მეგობარს  და მათ  ტირილში ბევრჯერ  ჩასძინებიათ  ერთად.იმედი მათ შორიდან უცქერდათ.  ჩაძინებულებს თავზე ხელს გადაუსმევდა და ტოვებდა. მეორე  დილით  ყოველთვის გრძნობდა  გოგონა  ძალას. ძალას-იმედს.

გოგონა,რომელიც სადღაც არსებობდა

7 Sep

                                                             თავი  I

იყო  ერთი პატარა ქალაქი. ამ ქალაქში მრავალი  ადამიანი  ცხოვრობდა.ერთი შეხედვით  ბედნიერი  ცისარტყელა ეკრა  გარს, რომელიც  მნახველებს  შურის  ნაპერწკალს უღვიძებდა- ნეტავ იქ  დავბადებულიყავითო-  ამბობდნენ გამვლელები  და  აგრძელებდნენ  მძიმე ტვირთის  თრევას.ახლოს  რომ მიხვიდოდით, რაღაც  საოცარი შმორის  სუნი  გეცემოდათ, თითქოს მხოლოდ ერთი წამით,   მერე  კი უკვალოდ გაქრებოდა . გავიდოდა  წლები და  ამ შმორის სუნიც  არავის გაახსენდებოდა, არავინ იკითხავდა, ნეტავ ეს  სუნი საიდან მოდიოდა, ან ასე უცებ სად გაქრაო?!

ბედნიერი  ეგონათ თავი  ამ ქალაქის მცხოვრებლებს. იკვეხნიდნენ , ჩვენისთანა ბედნიერი  ერი არ ყოფილაო.  ყველას  სჯეროდა  და სწამდა  ეს ამბავი. აი  სწორედ  ამ  ბედნიერ  ქალაქში  ცხოვრობდა გოგონა, რომლის  შესახებ ლეგენდიდან მსმენია.თუმცა არავინ იცოდა ამ ლეგენდის  სადაურობა , ყველას  სჯეროდა,რომ  ის  სადღაც ცხოვრობდა. სადღაც ასეთ ზღაპრულ ქვეყანაში !